“საზღვარი გახსნილია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა შემთხვევაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად.

“სოციალურ ქსელებსა და პრესაშიც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საზღვრები გახსნილია საქართველოში. აქცენტი იყო გაკეთებული რუსეთზე, რომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით.

მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას. საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. საზღვარი გახსნილია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. ამასთან, შემოსვლისას ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში.

ესენი არიან უმეტეს შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ჩვენს სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდიან და არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი შვილები ან მეუღლეები. უფლება არ გვაქვს, ისინი შევაჩეროთ და გავაბრუნოთ უკან. მშობლები თუ არიან ორმაგი მოქალაქეები, ჩვენ ვერ დავტოვებთ შვილს სხვა ქვეყანაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ ჩვენი მოქალაქეობა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის დაწყებამდე იმყოფებოდნენ და აქ დარჩენა მოუწიათ. 

“მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქეა დარჩენილი, ვინც არ წავიდა ამ კორონავირუსის დაწყების შემდეგ. უკვე რამდენიმე თვე გამოდის აქ არიან, არ ტოვებენ ქვეყანას, ისინი ლეგალურად არიან. მათ უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ, ვადა არ გასვლიათ საქართველოში ყოფნის უფლების. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან,” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები