„რომ სცოდნოდა გიორგიც იქ იმალებოდა, აუცილებლად მოძებნიდა, ნერვიულობს, რომ ვერ გადაარჩინა“ –  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე (ვიდეო)

  •  

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატმა საქმის დეტალებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ვახო ციცაბო აღმართზე ამოფოფხდა და ტაქსით დატოვა შემთხვევის ადგილი.

„ვახო ახვლედიანმა, რომელიც ბუჩქებში იმალებოდა,  დაურეკა მეგობარს, რომელიც ლისზე იყო  და სთხოვა დახმარებოდა. უთხრა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი და მომეშველეთო. მეგობარმა მას ტაქსი გამოუგზავნა. ტაქსის მძღოლს მისთვის ნიშანი უნდა მიეცა, სამჯერ უნდა “დაესიგნალებინა” და ამ შემთხვევაში გამოვიდოდა ბუჩქებიდან. ამის შემდეგ ვახო ურეკავს თავის ახლობელ ქათამაძეს, რომელიც მასთან ერთად გაიქცა  და ეკითხება სად ხარო. მან უთხრა  აქვე ვარო. ვახომ უთხრა ნუ გეშინია, საფრთხე გადავლილიაო. როცა ტაქსი მოვიდა, ნიშანი მისცა, ვახო ამოფოფხდა ციცაბო აღმართზე და ჩაჯდა.  ცოტა მანძილის გავლის შემდეგ ქათამაძეც  ჩაისვა და დატოვეს ტერიტორია“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვაზე, რატომ არ შეეცადა ვახო გიორგი შაქარაშვილი ეპოვა და დაეძახა მისთვის, ადვოკატმა ასე უპასუხა: „მან არ იცოდა, რომ გიორგი ამ პერიმეტრზე იყო.  რომ სცოდნოდა რომ გიორგიც იქვე იყო დამალული, აუცილებლად მოძებნიდა. ამას ნერვიულობს, რომ მე ის ვერ გადავარჩინეო, არ ვიცოდი თორემ არ წამოვიდოდი, მთელ ღამეს იქ გავათენებდი და მოვძებნიდიო.“

შეგახსენებთ, რომ ვახო ახვლედიანი დაბადების დღიდან გიორგი შაქარაშვილთან ერთად გამოიქცა, რომლებსაც სპორტსმენები მოსდევდნენ. ახვლედიანს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.   


მსგავსი თემები