“გერმანიის ელჩის ბოლო განცხადებები აცდენილი იყო საერთაშორისო მეგობრობის პოზიციასთან” – რომან გოცირიძე

გერმანიის ელჩის ბოლო განცხადებები აცდენილი იყო საერთაშორისო მეგობრობის პოზიციასთან, ის ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ელჩის, აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეთანხმება არ არის სრულად შესრულებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჰუბერტ ქნირშის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ელჩის პოზიცია იყო, რომ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი თურმე არ ყოფილან მოხსენიებული ამ შეთანხმებაში გვარებით და სახელებით, რაც არ არის სწორი. თავად გერმანელი პოლიტიკოსები ადასტურებენ იმას, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, მათ შორის ევროპარლამენტიდან, ისევე როგორც ამას ადასტურებენ აშშ-ის სენატში და საგარეო კომიტეტში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო სამწუხარო შეცდომა და თუ გადაამოწმებს ელჩი თუნდაც საკუთარი სახელმწიფოს პოზიციას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შეთანხმება არ არ შესრულებული, ვინაიდან მოწოდება, რომ შესრულდეს შეთანხმების ორივე ნაწილი, სწორედ ამას ნიშნავს.“,- განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას დეპუტატ სოფო კილაძესთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება მის განცხადებას სოფო კილაძესთან დაკავშირებით, სოფო კილაძე გამოირჩევა უკიდურესი არატოლერანტობით, ჰომოფობიური განცხადებებით, არასდროს ყოფილა არც ერთ აქციაზე, რომელიც დაჩაგრული ადამიანების დასაცავად იმართებოდა. ის მტრულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ და ასეთი ადამიანის დანიშვნა გაერო-ს კომიტეტში, რომელიც გააპროტესტა 52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არის არასწორი. როცა ბატონი ელჩი გამოესარჩლა მას, დიდი გაკვირვება გამოიწვია ამან საზოგადოებაში. შეუძლებელია, 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ცდებოდეს და მხოლოდ ელჩი იყოს მართალი. ამიტომ მას მოუვიდა შეცდომები და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფლება, შეაფასონ მისი მუშაობა“,- განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები