“ერთდროულად ყველა ფრენის გახსნა რისკებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი” – ნათია თურნავა

“როდესაც ვაცხადებდით, რომ პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და ვუსვამთ, რომ ეს არ იქნებოდა სტიქიური და უმართავი პროცესი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა.

ნათია თურნავას თქმით, ერთდროულად ყველა ფრენის გახსნა რისკებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი.

„იმედი გვაქვს, როდესაც საბოლოო სია გამოქვეყნდება ევროკავშირის მიერ, ჩვენ ვიქნებით პირველივე სიაში იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც ევროკავშირი განიხილავს მიმოსვლის აღდგენას. აქედან გამომდინარე, არაფერი განსხვავებული არ მომხდარა, ჩვენ დავიტოვეთ ბერკეტები, რომ ვმართოთ მაქსიმალურად ეს მიმოსვლა, გადავდეთ რეგულარული ფრენები. რეგულარული ფრენები ნიშნავდა, რომ ჩვენ ყველა ფრენისთვის უნდა გაგვეხსნა კარი ერთდროულად, რაც კი აქამდე არსებობდა და ეს 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა, არა მარტო ევროპიდან, არამედ ეს არის სამეზობლოდან ფრენები, ეს არის სპარსეთის ყურიდან ფრენები და ა.შ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზარი ამისთვის მზად არ არის და ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც არსებობს. რასაც ვუყურებთ, ძალიან არათანაბარი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუნდაც ჩვენს რეგიონში და რეგიონს გარეთ. აქედან გამომდინარე, გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ დავიტოვეთ ჩარტერული ფრენები, რომელიც აქამდეც საკმაოდ რეგულარულად ხორციელდებოდა და ახლა კიდევ უფრო გავაფრთოებთ ჩარტერული ფრენების არეალს“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მსგავსი თემები