“ძალიან მიყვარს ადამიანები – უფრო მეტიც, არამც თუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ” – თეა წულუკიანი ოპოზიციას

“ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას კი აკრძალულია რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ მე ძალიან მიყვარს ადამიანები. უფრო მეტიც, არამც თუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ. აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც კანონმდებლობაშია გაწერილი, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ეხება. უბრალოდ არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, ვინაიდან თქვენს პოლიტიკურ ლიდერად არის ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს რატომღაც მორიდებით ახსენებთ. არსებობს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს. ეს არის კანონის ჩანაწერი. როდესაც მე მინისტრის საათის ფორმატში წარვდგები ჩვენს წინაშე, მზად ვიქნები, ნებისმიერ კონკრეტულ საქმეზე ვისაუბრო, მაგრამ გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას აკრძალულია რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ იქნებ დაანებოთ თავი ნოტარიუსებს, მათ შორის ამ ადამიანს. პანდემიის პირობებში ნოტარიუსების მიმართ დროებითი წესები მოქმედებს. თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ ამა თუ იმ ნოტარიუსმა დაარღვია წესები, მას დროებით შეუჩერდება საქმიანობის უფლება, ამიტომ ნუ ახდენთ ამ თემის პოლიტიზებას და ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი თქვენი აქტივისტია“, – განაცხადა წულუკიანმა

მსგავსი თემები