„ჰკითხეთ ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ პოლიტიკურ პარტნიორებს და მოგიყვებიან თქვენი პოლიტიკური წარსულის ამბებს ,,საგმირონისას“ – ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას

„მე მახსოვს 20 ივნისი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ძალიან მძიმე დღე. ვწუხვარ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა მათ შორის, პოლიციელებმა მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თქვენნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში ცემდე და თქვენნაირი პოლიტიკოსებისთვის დასაშვებია თურმე, რომ შტურმით შემოხვიდე პარლამენტში და ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეცვალო“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენდნენ.

მან ოპოზიციას პოლიტიკური წარსული შეახსენა და ურჩია მათი „საგმირო“ საქმეები მათივე პარტნიორებთან მოიკითხონ.

„მესმის რომ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით. თუ გინდათ, რომ ამ ამნეზიაზე იმკურნალოთ, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებისას, თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს „საგმირონისას“ თქვენი პოლიტიკური წარსულის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტიპის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყანაში ძალადობით, რევოლუციური გზებით, რაიმე შეჭრა-შემოჭრა არ გაგივათ არასდროს და კიდევ ერთხელ, მე პირადად, ძალიან ვწუხვარ 20 ივნისის გამო“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერმინისტრს კითხვებით მიმართა და სთხოვა მეტი ინფორმაცია წარმოედგინა ასლანბეგ ბოკოევის, ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებთან და სულ ახლახან, „ფრონტერას“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.​

მსგავსი თემები