“მისი სიტყვებით, მას ქეჩოში მოჰკიდეს, ათრიეს მიწაზე, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე” – საქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული თემურ ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად მონაწილეობდა ინციდენტში, მაგრამ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე ინფორმაციით, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ თემურ ბარბაქაძე მეგობრებთან ერთად მერსედესის მარკის ავტომობილით თბილისში წამოვიდა, თუმცა უკან თავისი მეგობრების წამოსაყვანად დაბრუნდა, რომლებიც, ასევე, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. 

“მონაწილეობდა აგარაკის ინციდენტში, ოღონდ იქ იყო როგორც მსხვერპლი, მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მისი სიტყვებით, მას ქეჩოში მოჰკიდეს, ათრიეს მიწაზე, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე. შემდგომ მან და მისმა მეგობრებმა იქაურობას თავი გაარიდეს. წამოვიდნენ თბილისში. უკვე თბილისში რომ ჩამოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ მათი ორი მეგობარი იქ იყო დარჩენილი და სთხოვეს, დაბრუნდით და ჩვენც წაგვიყვანეთ, ვინაიდან ჩვენ მიმართ ხორციელდება ძალადობა. დაბრუნდნენ უკან და ზუსტად მანდ მოხდა ხიდის ეპიზოდი – დაინახეს ეს მოძალადეები ხიდთან, გააჩერეს ავტომობილი და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის,”-განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები