“ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია” – პატრიარქის სამძიმრის წერილი შაქარაშვილის მშობლებს

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გარდაცვლილი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახს და ახლობლებს

მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში. ​თუმცა, სწორედ ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია.

მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი​ გახდა. ამიტომ გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებით განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.

ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა“- ნათქვამია წერილში.

მსგავსი თემები