“რატომ არ იცავთ მმართველი გუნდის წევრების უფლებებს, ვერ ხედავთ რა დღეში არიან?” – ბოკერია ლომჯარიას

„რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს, მმართველ გუნდს ვგულისხმობ, ვერ ხედავთ რა დღეში არიან?! სულ აკრიტიკებენ, ლანძღავენ და არ არსებობს კანონი, რომ ამ ხალხს ეს კრიტიკა აუკრძალოს“, – ასე მიმართა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სახალხო დამცველს, რომლის ანგარიშსაც მოუსმინეს და ახლა სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

„თქვენ როგორც სახალხო დამცველი დაეხმარეთ, აღარ შეუძლიათ მეტი. ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ, ამხელა ღვაწლი აქვს და უპატრონოდ არის მიგდებული, ვისაც რა უნდა, მასზე იმას ლაპარაკობს. თქვენ სახალხო დამცველი ხართ, აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ, გასცეთ პასუხი.

ახლა სერიოზულად – ბატონმა რატი იაონათამიშვილმა გკითხათ, ეკლესიას რომ ებრძვიან, ხმას რატომ არ იღებთო, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ასეთი პოზიცია, როდესაც დისკუსიას და პლურალიზმს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად ნათლავენ, სიძულვილის გაღვივებაა და ზრდის თუ არა ეს ძალადობის რისკებს. მე არ ვამბობ, რომ აკრძალული უნდა იყოს ასეთი უმსგავსო გამოსვლები – სიტყვის თავისუფლების კანონით დაცულია, რომელიც „შავბნელი წლების“ დროს მიიღეს და ვერ გადააკეთებთ ამ კანონს, ხელს თუ მოკიდებთ, ხელი დაგეწვებათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი პრობლემა – ქალების წინააღმდეგ ძალადობა, უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობა – როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ასეთ იარლიყებს აწესებს, არის თუ არა ეს ამის წახალისება“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები