კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო ზონიდანაა

  •  

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ორი კარანტინის ზონიდანაა, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ახალი შემთხვევებიდან ერთი არის ჩვენს პანციენტთან კონტაქტში მყოფი პირი. მეორე პაციენტი საკარანტინო ზონიდან არის შემოსული, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან შემოვიდა. საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა და ჩვენთან გადმოიყვანეს. ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადების პროგრესირების ნიშნები არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. სულ კორონავირუსით ინფიცირების 917 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 776-ს შეადგენს.

ინფექციურ საავადმყოფოში კი ორი ახალი პაციენტი შევიდა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეის მდგომარეობით ცენტრში 26 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და არ გაუარესებულა.

მსგავსი თემები