დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში ყოფილი მინისტრები კლავ დაიბარეს  

​განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებაზე აღძრულ სისხლი სამართლის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კვლავ დაიბარეს. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მთავრობის ყოფილი წევრების ვიზიტი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას უკავშირდება, კონკრეტულად, უწყების თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის მარტიდან, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება – გაფლანგვის საქმეზე.

„გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება – გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.

კოკა კაციტაძის ინფორმაციით, გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან. დადგება თუ არა კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით უცნობია.

” რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობრივი სტატუსი ეკავა და რა სტატუსი გააჩნია დღეს. დაიკითხებიან ის პირები, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს საქმესთან. გამოძიება დაიწყო არა ამ სამინისტროების მომართვის, არამედ საგამოძიებო დანაყოფში მიღებული კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე”, – განაცხადა კაციტაძემ.

მსგავსი თემები