ღამით რესტორნებში უკრავდა და ნაცნობებს თვალს არიდებდა – ნიკოლოზ რაჭველის გზა წარმატებისკენ 

  •  

ცნობილი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, ოჯახის რჩენა რომ დააწვა კისერზე. მისი მშობლები გვიან დაქორწინდნენ და საკმაოდ ადრეულ ასაკში მოუხდა მშობლების დაკარგვის ტკივილი განეცადა. მამის დაკარგვის შემდეგ დედაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა იკისრა და რამდენიმე კაფე-ბარსა და რესტორანში მოეწყო სამუშაოდ, საღამოს საათებში ფორტეპიანოზე უკრავდა. შეძლებული კლასელების მშობლებს თვალს არიდებდა, როცა რესტორანში დაინახავდა. დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ყიდულობდა “კერასინკისთვის” და ფეხით მიდიოდა სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია ელოდებოდნენ.

“ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა, თუმცა ორივესთვის პირველი და უკანასკნელი ქორწინება იყო. სუფრა რაჭაში გაუშლიათ და მიუხედავად სენტიმენტალური განწყობისა მაგრადაც მოულხენიათ. ბოლოს ვიღაც ამბროლაურელ ყმაწვილს ჩემს დეიდაშვილზე დაუდგამს თვალი, რაც მამაჩემს შეურაცხყოფად მიუღია და სახლიდან თოფი გამოუტანია, შესაშინებელ გასროლას აურზაური მოყოლია და სტუმრებიც ნელნელა დაშლილან.

დედა თბილისელი იყო, მამა რაჭის მკვიდრი. ქალაქელობა დედამ ვერ დათმო, მამამ კი რაჭა. ამიტომ ქვეყნიერებას მე რომ მოვევლინე, თბილისში დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში, ე.წ. ხრუშჩოვკის ერთოთახიან ბინაში. არც პიანინო გვქონდა და რომც გვქონოდა ვერსად დავატევდით. ზაფხულობით კი მამა რაჭაში გვმასპინძლობდა მამიდასთან ერთად, ყოველი ზაფხული დაუვიწყარი იყო, თუნდაც იმით, რომ მშობლებს ერთად ვხედავდი. ზამთარშიც მახარებდა მათი ერთობა, მამა თბილისში ჩამოდიოდა და რაჭული ლორი ჩამოჰქონდა მამიდის გამოტანებულ ლობიანებთან ერთად”, – იხსენებს ცნობილი მუსიკოსი.

მერე იყო ჩემი პირველი გასტროლი გერმანიაში, მერე მეორე, ამასობაში დედა გამოჯანმრთელდა და წამოდგა, თუმცა სამსახურს ვეღარ დაუბრუნდა. ნიკოლოზ რაჭველის დედა პროფესიით ჰიდრო-გეოლოგი იყო, მცირე ჰესებს აპროექტებდა. გასული საუკუნის მძიმე 90-იან წლებში კი მსგავსი ინდუსტრია სრულებით შეწყდა და ოჯახი ახლობლების დახმარებით განაგრძობდა არსებობას.

როგორც ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, ბავშვობის მოგონებებში ყველაზე სასიხარულო მომენტები მუსიკაში მიღწევებს უკავშირდება და ამაში დიდი წვლილი დედას, ლამარა ისაკაძეს მიუძღვის.

“გაკვეთილზე დამყვებოდა, შუალედებში მეჯდა და მეტრონომის მაგივრობას მიწევდა,  რიტმში მასმევინებდა ტექნიკურად რთულ ადგილებს სმენით. თავად შესანიშნავად უკრავდა, როგორც ჩანს დავემსგავსე, სიმღერით კი მჯობნიდა, ჩემს ოჯახში ორივე მხრიდან ყველანი ძალიან კარგად მღეროდნენ, ალბათ ამიტომ შემიყვარდა ქართული სიმღერა, გემოვნებიანი, ნაღდი… როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე და დათო საყვარელიძესთან ერთად პირველი ოპერა დავდგი, დედა სიამაყისგან დაფრინავდა. ჯანსუღ და ვანდა კახიძეებთან სიყრმიდან მეგობრობდა და მათი შეფასებით და დიდი მაესტროს ჩემდამი განწყობით სიგიჟემდე ხარობდა. თავგამოდებით ზრუნავდა, რომ ყველა ჩემი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი გაკეთებულიყო და თუ კი უცებ ინსტრუმენტს მივუჯდებოდი მას მუდამ გამზადებული ჰქონდა მაგნიტოფონი, რისი საშუალებითაც ცარიელ კასეტებზე ჩუმად იწერდა ჩემს იმპროვიზაციებს, მერე მასმენინებდა და კარგი ეპიზოდების სანოტო ფურცელზე გადატანას მაიძულებდა”, – იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი.

​სწორედ დედის დამსახურებით შეინარჩუნა ძალიან ბევრი მელოდია, რაც მას შემდეგ ხშირად გამოადგა. ლამარა ისაკაძე შვილზე საკმაოდ უფროსი იყო. ხშირად ნიკას ბებია ეგონათ ხოლმე. კომპოზიტორის დედა ამას ძალიან მწვავედ განიცდიდა, უფრო იმის გამო, რომ ბუნების კანონების თანახმად შვილს, ნაადრევად გამოაკლდებოდა. როცა მისი ერთადერთი შვილი ვენაში მიდიოდა სასწავლებლად, “რკინის ქალამნები” ჩაიცვა, რათა ნიკოლოზისთვის ბინის დასაქირავებელი ფული მოეპოვებინა. ბიზნესმენებთან შესახვედრას ცდილობდა, მაგრამ სამდივნოს ზღვარს სცდებოდა. პირველი ადამიანი, ვინც მაშინ, მომავალი ცნობილი მუსიკოსის ოჯახს დახმარების ხელი გაუწოდა, ყოფილი პრემიერი, იმჟამად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია იყო.

“იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს. ერთი წარუმატებელი შეხვედრიდან გამოსული ატირდებოდა, მერე ცრემლს მოიწმენდდა და მომდევნო ორგანიზაციისკენ მიემართებოდა ახალი იმედით. მაშინ პირველი, ვინც მას დახმარების ხელი გაუწოდა იმ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო. ასე მიშოვა პირველადი წყარო ავსტრიაში დასაფუძნებლად”, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

დედა-შვილი ერთმანეთს წერილებს წერდა,დედა სათქმელს ბარათებად აქცევდა შვილს საწერ მაგიდაზე ახვედრებდა. განსაკუთრებით მისი დაოჯახების საკითხი აწუხებდა.

“ისეთ რამეს მომწერდა ხოლმე, რისი თქმაც იცოდა, რომ გამაბრაზებდა და ყურს არ დავუგდებდი. განსაკუთრებით დაოჯახების თემაზე. გამიმართლა, რომ იმ დროს ვაიბერი ან ფეისბუქი არ იყო, რადგან დღეს სათუთად ვინახავ მის ხელნაწერებს. წერილებით ურთიერთობას ჩემთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძობდა. როდესაც სიკვდილის წინ ცოტათი მომჯობინდა, კლინიკაში მედდისთვის უთქვავს: “უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებს მუსიკის უკიდეგანო სამყაროშიო…”- იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი.

“არ ვიცი რამდენად ლაღად გავშალე ფრთები, მაგრამ მჯერა, რომ შემიძლია ფრენა, რადგან მყავდა ასეთი თავგანწირული დედა – ლამარა ისაკაძე”, – ამბობს მუსიკოსი და ყველას უსურვებს მშობლების დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას, ხოლო მასსავით ობლებს, გარდაცვლილი მშობლების სულების სიამაყეს შვილების მიღწევებით!

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები