“როგორც გავარჩიოთ შხამიანი გველის ნაკბენი არაშხამიანისგან“ – ვახტანგ ლომჯარია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„22 ივნისის მდგომარეობით სააგენტომ უკვე 188 ქვეწარმავალი დაიჭირა, მათი უმრავლესობა არის უფეხო ხვლიკი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის,“ – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ლომჯარიას ინფორმაციით ქვეწარმავლების უმრავლესობა მოსახლეობისთვის საშიში არა არის, თუმცა სპეციალისტი ერთეულ სახიფათო შემთხვევებზეც საუბრობს.

„ქვეწარმავლების უმრავლესობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის. შეინიშნება სხვა ქვეწარმავლებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით, ერთადერთი, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ეს არის გიურზა.

ჩვენ თბილისში წელს დავიჭირეთ ორი გიურზა, ერთი დაფიქსირდა სვანეთის უბანში, რომელიც რეალურად არ ბინადრობს იქ და მექანიკურად მოხვდა, მეორე დაფიქსირდა გლდანში, რომელიც საკურდღლეში იყო შესული. ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევები,  საგულისხმოა, რომ გიურზას აქვს გამოხატული მსხვილი კანი, სამკუთხედის ფორმის თავი, წვრილი კისერი და წვრილი მოკლე კუდი, ის იცნობა ძალიან კარგად თუ, როგორ გამოიყურება, სხვა შემთხვევები უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ერთადერთი რეალური საფრთხე, რაც შეიძლება თბილისში შეგვხვდეს – ეს არის გიურზა,“ – განაცხადა ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

სპეციალისტი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქვეწარმავლებს ანტისანიტარია და ნაგავი იზიდავს, მისივე ინფრომაციით არსებობს მხოლოდ რეკომენდაციები თუ როგორ შევამციროთ რისკები. ლომჯარია შხამიანი და არაშხამიანი ნაკბენის შესახებ საუბრობს.

„შარშან დაფიქსირდა ერთ -ერთ სასტუმროში 30 სანტიმეტრიანი გიურზა, ის ემბრიონშიც კი საშიშია და უნდა ვუფრთხილდეთ, ამიტომ თუ ქვეწარმავალს შენიშნავთ მასთან თამაში არ დაიწყოთ და მისი მიმართულებით არ იმოძრაოთ, დაგვირეკეთ ჩვენ და გამოგვიძახეთ.

როცა არის არაშხამიანი, მთლიანი ყბით ხდება კბენა და ნაკბენს აქვს მთლიანი ყბის ფორმა, შხამიანის შემთხვევაში კი ყბის ბოლოში არის ორი ეშვის კვალი და ხდება ნაკბენი ადგილის შეშუპება, ადამიანს ამ შემთხვევაში 2 დან 5 საათამდე აქვს დრო მიმართოს ექიმს, სიცოცხლის გადარჩენა 100% – ით შესაძლებელია,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები