“გვაქვს უფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ” – ნოდარ მელაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ტვ პირველის” მთავარი პროდუსერის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მელაძემ განაცხადა, გამოძიებას აინტერესებდა, როდის შეიტყო მან გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულის შესახებ და ინახება თუ არა ტელევიზიის არქივში ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტები პირველადი სახით.

„კითხვები ეხებოდა იმას, თუ როდის გავიგე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ და მქონდა თუ არა ინფორმაცია გიორგისგან იმის თაობაზე, რომ მას უთვალთვალებდნენ. სუსს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ თუ ამის გაკეთება ვინმემ გვთხოვა. ასევე აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული დოკუმენტები, რომლებიც მოვიპოვეთ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები, რომლებიც არ გაგვისაჯაროებია და ვგეგმავთ თუ არა ამ თემაზე სხვა მასალის მომზადებას. ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი: კანონი გვაძლევს უფლებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ როდესაც მასალა მომზადდება და ეთერში გავა, წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დოკუმენტები პირველადი სახით აღარ ინახება. ასევე ვუთხარით, რომ ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება კიდევ იგეგმება“, – განაცხადა მელაძემ.

მსგავსი თემები