ჯემალ გამახარიას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას პრინციპულს უწოდებს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში 22 ივნისს მიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ეხმიანება.

მისი განცხადებით, მსგავსი სახელწოდებით რეზოლუციები 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება ჟენევაში, რაც ქართული  დიპლომატიის ერთ-ერთ სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახურის ცნობით, ჯემალ გამახარია  გამოყოფს რეზოლუციას, რომელსაც კიდევ  უფრო პრინციპულს და ყოვლისმომცველს უწოდებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მიაჩნია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრ რეზოლუციებშიც მაინც არ არის სათანადოდ ასახული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული კატასტროფული სიტუაცია, რომლის მსგავსი, მისი თქმით, „არსად დედამიწაზე არ ხდება და არც წარსულში ახსოვს მრავლისმნახველ კაცობრიობას“.

როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამახარიაიმედს გამოთქვამს, რომ ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე, ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციებში – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება, უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი ოკუპანტების ველური სახე, მათი მხრიდან ადამიანის უფლებების შუასაუკუნეობრივი მეთოდებით დარღვევის ამაზრზენი ფაქტები.

მსგავსი თემები