“სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს.  მისი გამხდარი პირისახეც  გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია” – ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია გადარჩა,  ფეხზე დადგომას სწავლობს და ცდილობს. მისი მეუღლე ანა ჯაბაური სასწაულს უწოდებს, რომ ცოტნე დღეს ცოცხალია.

„ცოტნე ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია“ – აცხადებს ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მის გამოჯანმრთელებას ოპტიმისტურად უყურებს და ამბობს, რომ არავის აქვს პესიმიზმის უფლება.

„თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა – გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც ის ახლა თქვენგან მიიღებს – საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე.

ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს“  -აცხადებს მეუღლე.

თურქეთის კონკრეტული კლინიკის სამედიცინო პერსონალი ცოტნე გამსახურდიას ევროპის ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადასასვლელად ამზადებენ. ამისთვუს კი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ელოდებიან.

მსგავსი თემები