“სამწუხაროდ, ბავშვთა მიმართ სქესობრივმა დანაშაულმა ბოლო წლებში ძალიან მოიმატა” – სოფო კილაძე

  •  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, ასევე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ბავშვთა მიმართ სქესობრივმა დანაშაულმა.

მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია სანქციები იყოს ძალიან მაღალი, რომ მათ ჰქონდეთ პრევენციული დანიშნულება და ამავე დროს, გამოიწვიოს ასეთი ტიპის დანაშულების კლება.

კანონპროექტის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩაიდინა კოდექსის 253-ე-255-ე, 255¹ და 255² მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (პროსტიტუციაში ჩაბმა; პროსტიტუციის ხელშეწყობა; პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება; არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში; თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის) დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

ცვლილებების მიხედვით, ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების შემთხვევაში უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა.

კანონპროექტის თანახმად, გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

137-ე მუხლს (გაუპატიურება) ემატება დამამძიმებელი გარემოება, – თუ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით.

კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (მუხლი 138) ჩადენისთვის.

138-ე მუხლს, რომელიც არასრულწლოვნის წინააღმდეგ ამ დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ემატება მე-4 ნაწილი, რომელიც დაარეგულირებს 14 წლამდე პირის მიმართ ამ დანაშაულის ჩადენას და სასჯელის სახით გაითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ასევე, მე-3 ნაწილის ნაცვლად, მე-4 ნაწილში იქნება გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას და ამ შემთხვევაშიც პირს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დაეკისრება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

პროექტით მკაცრდება 140-ე მუხლის (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და ნაცვლად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, განისაზღვრება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება პროსტიტუციაში ჩაბმის ქმედების შემადგენლობა, დანაშაულს ემატება რამდენიმე ახალი დამამძიმებელი გარემოება და მკაცრდება პასუხისმგებლობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები წარმოდგენილია არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს გამორჩეული მზრუნველობის ქვეშ.

„ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის სამართლის პოლიტიკის თვალსაზრისით, თავსდება იმ საერთო ევროპული სისხლის სამართლის პოლიტიკის ხედვაში, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ამ კატეგორიის დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა განსაკუთრებული მიდგომა და შესაბამისი პროპორციული სანქციების გამოყენება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მსგავსი თემები