“ხელისუფლება გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც” – დავით ბაქრაძე

  •  

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავარი საფრთხე, რაც კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდებოდა, უკვე თავიდან არის აცილებული.

მისივე თქმით, ახლა ბურთი და პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების მხარესაა.

„თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც და ეს იქნება უკვე მართლაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ ცვლილება, რომელიც ასახავს პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მეორე, მესამე მოსმენით ვეღარ ჩააგდებენ პროცედურულად. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას და შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად ხელისუფლების მხარეს დარჩება“,- აღნიშნა ბაქრაძემ.

მსგავსი თემები