თბილისში, სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიული სახლის მობინადრეებს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე მრავალსართულიანი ავარიული სახლის მობინადრეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის საკითხზე, დედაქალაქის საკრებულოში დღეს, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ისაუბრეს. შეხვედრაზე მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა დასკვნები წარმოადგინეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს წევრის, ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძეს ინიციატივით შედგა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულ მისამართზე იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებიც კორპუსის ავარიულობის გამო, შენობის მონაცვლეობას და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ.
როგორც “სითი კვირას” საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკითხზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ჩატარდა აღწერითი სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს სიების დაზუსტებისა და მიწების შეფასების პროცედურები.
„პრობლემა მასშტაბურია და ჩვენი მხრიდან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. დღეს, საქალაქო სამსახურების უფროსების მოსაზრებები და დასკვნები მოვისმინეთ და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე შევძლებთ ამ ადამიანების უსაფრთხო შენობაში გადაყვანას,“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრის ბოლოს სამუშაოების ვადები განისაზღვრა, რომელთა დასრულების შემდეგაც, სატენდერო წინადადებები შემუშავდება.
შეხვედრას სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ზედამხედველობის სამსახურისა და ჩუღურეთის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.


მსგავსი თემები