მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რვა მილიონ 790 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რვა მილიონ 790 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათგან ნახევარი ანუ ოთხი მილიონ 300 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

გლობალურ პანდემიას 464 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყველაზე რთული მდგომაროება რჩება ბრაზილიაში, სადაც ვირუსის გავრცელების ტემპი არ შენელებულა. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში ვირუსი მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 50 000-ს მიუახლოვდა. თუმცა, პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით, კვლავ აშშ რჩება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 120 ათასს უახლოვდება.

ევროპაში ვირუსის შემთხვევების რიცხვი მკვეთრი მატება ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო იტალიაში 49 პაციენტი გარდაიცვალა. იტალიაში ბოლო დღე-ღამეში სულ 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ჩინეთს, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, პეკინის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში აღრიცხეს „კოვიდ-19“-ის 26 ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა პეკინში გამოვლინდა.

მსგავსი თემები