“ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს, ეს ხელისუფლება არის თაღლითი“ – გიორგი მარგველაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილიც მივიდა და სიტყვით გამოვიდა.  მისი განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა აღნიშნა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

„ჩემი მიზანია შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკოსებს, რომლებიც მომავალზე იქნებიან ორიენტირებულნი. არა ამ უკვე წარსულ ხელისუფლებაზე, არა მანამდე წასულ ხელისუფლებაზე, არამედ – მომავალზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, არსებული ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და ასეთი ხელისუფლება ქართველ ერს არ ეკადრება.

„ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის, სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და ყველას, ვინც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის

“იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და „ბეტეერი“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრ იმპერიას გაუძლო და ძალიან ბევრი იმპერია დაამარცხა და ამ იმპერიასაც ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე და მათი ამ დამარცხების მერე და ჩვენი გამარჯვების შემდეგ ვიქნებით მთლიანი, ძლიერი და ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავით. დიდ პატივს გცემთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და ამ ბრძოლას ნამდვილად არ ჩამოვშორდები. გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს!” – განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები