“ჩვენი სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება” – თბილისის მერია

“თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ საუბრისას განაცხადა.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან, სადაც კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ. მან ორგანიზატორებს ასევე, გააცნო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესები, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდ19-თან დაკავშირებით არის განსაზღვრული.

„დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მიმართეს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის სამსახურები და კერძოდ, მუნიციპალური ინსპექცია მზად არის, გაუწიოს დახმარება ღონისძიების ჩატარების კუთხით ყველა ტექნიკურ საკითხში. მქონდა შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც დაფიქსირდა, რომ მათ სურთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა 16:00 საათიდან. გზის გადაკეტვის შემდეგ, ჩვენ მათ დავეხმარებით ყველა საკითხში, რაშიც დახმარება დასჭირდებათ “ – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლისთავზე დღეს ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.

მსგავსი თემები