“დააყენე ერთი ადგილი, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი” – რომან კაკულია ლევან გოგიჩაიშვილს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვას, კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიასა და დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ გააღიზიანა. გოგიჩაიშვილის თქმით, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ ჯერ არ განხილულა.

“აქ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც კანონი კანონობს და ადამიანის უფლებები არის დაცული. 18 დეკემბერს არის დარეგისტრირებული ჩემი კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, გადადეთ მისი განხილვა შემდგომ არჩევნებისთვის. მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და თქვენ ამას იხილავთ დაჩქარებული წესით. რა მიდგომა ან რა სტანდარტია ან საპარლამენტო კულტურის ან კოლეგიალობის თვალსაზრისით.

“რა სტანდარტს აჩვენებს დღეს “ქართული ოცნება” ამით რას ამბობთ, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ ვთქვათ, ხელები გადამიგრიხეთ, რაღაც შეაპარეთ, გამოაპარეთ? მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ “ქართული ოცნება” ამ პარლამენტში, თუ რა იყო.

ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას.” იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია. მე გეუბნები, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სად ჯდება ეს საკითხი. როგორც იქცეოდნენ ისინი, ისე იქცევით თქვენ. ყველამ უნდა გაიგოს, თქვენ ვინ ხართ,”- მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

ლევან გოგიჩაიშვილის გამოსვლამ, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გააღიზიანა.

“რა ტონით მელაპარაკები, ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი. დაგიჭირე მეთქი გითხარი მხარი და ახლა, რა გინდა?”- განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი თემები