„იმ მაგიდასთან, სადაც სასამართლოს ბედი წყდება არ უნდა იჯდეს პოლიტიკოსი“  – ნაზი ჯანეზაშვილი

„არ ვუჭერ მხარს კლანურ ურთიერთობებს, სწორედ ამიტომ გამოვედი და დავუჭირე მხარი 7 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ანა დოლიძესთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ჯანეზაშვილი თვლის, რომ სასამართლო პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს. მას მიაჩნია, რომ ანა დოლიძეს თავისი პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე არ უნდა ჰქონდეს საბჭოს წევრის სტატუსი.

„სამწუხაროდ, ანა დოლიძე იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ ორგანულ კანონში გათავისუფლების შესახებ არაფერი წერია და მას ვერ გაათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ანა დოლიძე ყველა პროცესს გამოიყენებს თავის პოლიტიკური ინტერესებისთვის.  მერ არ ვაპირებ დავას სასამართლოში, თვითონ უნდა იყოს ადამიანი კეთილსინდისიერი, რომელსაც აქვს ამხელა ამბიცია და უნდა წავიდეს თანამდებობიდან. კანონში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება საბჭოს წევრს, მისი გუნდის ახალ წევრს ალეკო ელისაშვილს საერთოდ არ ჩამოუყალიბებია პარტია, მაგრამ არის პოლიტიკოსი, ასევე იქცევა ანა დოლიძე. ის ამბობს, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც არის თვალთმაქცობა, როდესაც ადამიანი არის პოლიტიკოსი და სხვა მიზნებზე საუბრობს” – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მისივე განცხადებით, ის ყოველთვის ამბობდა, რომ საბჭოს წევრი პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა იყოს ჩართული და ეს პირველი შემთხვევა არ არს.

“სულ ვამბობდი, რომ პოლიტიკური საქმიანობა საბჭოს წევრს ეკრძალება. ეს არ არის ვინმესთან პირადი დაპირისპირება ჩემი მხრიდან, ეს არის მოთხოვნა, რომ  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა იყვნენ აპოლიტიკური პირები. ჩემი აზრით, ანა დოლიძე არღვევს კანონს, რადგან საბჭოს წევრი უნდა იყოს თავისუფალი და იმ მაგიდასთან სადაც სასამართლოს ბედი წყდება არ უნდა იჯდეს პოლიტიკოსი,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები