საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილავენ

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გავა. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს განიხილავენ.

მმართველ გუნდს ცვლილებების დასამტკიცებლად ოპოზიციის ხმები სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს’’ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს’, როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, მათი ფრაქციიდან პროექტს 6 ხმა ექნება.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას. ეს ცვლილებები შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ ეს არის 73/77 -ის ფარგლებში მანდატების გადანაწილება მაჟორიტარულს და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებს შორის. ცვლილების შედეგად, 120 პარლამენტის წევრი აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით.

მომხსენებლად განსაზღვრულია ირაკლი კობახიძე. ჩვენ ამავე კვირაში გვექნება პლენარული სხდომა, რომელზეც უკვე პირველი მოსმენის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ გუნდი დაუჭერს მხარს ამ ცვლილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები