“გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა” – ევროპარლამენტარი

გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და პროკურატურის მიერ შერჩეული სიტყვები გააკრიტიკა.

„საბედნიეროდ, ქართველებმა, ოფიციალურმა პირებმა თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“,- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ფრაზა „საქართველოს პრორუსული მთავრობა“ ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას.

მსგავსი თემები