„თითქოს, გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება” – ჰუბერტ ქნირში ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.

ელჩი ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა. „სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა”, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს ბრალის წაუყენა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. პროკურატურის მიერ გავრცელებულ რელიზში კი ეწერა, რომ „მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“.

მსგავსი თემები