“მთავარია, შევაჩერეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში” – ამირან გამყრელიძე

ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იქნება ეპიდემიის მეორე თუ მესამე ტალღა ამაზე მეცნიერები მსჯელობენ.

„ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და, მეორე მხრივ, თანდათან გახსნილი ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება მეორე ტალღა, იქნება მესამე, იქნება მეოთხე, ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. არის იმისი დინამიკა, რომ ვირუსი თითქოს მცირდება, არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ეს შემცირება ზაფხულშიც გაგრძელდეს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვარაუდი, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს ან სულ გააქრობდა, როგორც გრიპის ვირუსი ქრება ზაფხულში, არ გამართლდა.

„მთავარია, რომ ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები