“რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე ტრამპმა რუსეთის კრიტიკის შემცველი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა” – ჯონ ბოლტონი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ჯონ ბოლტონის მემუარების ამონარიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავის წიგნში ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის საქართველოში შეჭრის ათი წლისთავზე რუსეთის კრიტიკის შემცველი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა. ჯონ ბოლტონის თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ტრამპს პირადი საკიტხების ოფიციალური საკითხებისგან განცალკავება უჭირს.

17 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონ სასამართლოში უჩივის მემუარების გამოქვეყნების გეგმებისთვის.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სარჩელი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. უწყების განცხადებით, ჯონ ბოლტონის 500-გვერდიანი ხელნაწერი თეთრ სახლში გატარებულ პერიოდზე უამრავ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. აშშ-ის ხელისუფლება სასამართლოს თხოვნით მიმართავს, ჯონ ბოლტონს მემუარების გამოქვეყნება აეკრძალოს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნისას ჯონ ბოლტონმა ხელშეკრულება გააფორმა აშშ-სთან, რომელზეც ახლა ცალმხრივად უარს ამბობს.

როგორც თავად ავტორი, ჯონ ბოლტონი წერს, წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი. გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

მსგავსი თემები