დიდ დიღომში, რეკრეაციულ ზონაში დაწყებული მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნით შეჩერდა

  •  

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ, დიდ დიღომში, სავაჭრო ცენტრ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობის შეჩერებისა და ნაგებობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

მშენებარე ობიექტის ფოტოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, დარღვეულია მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ყველანაირი პირობა და ყველანაირად პრობლემას წარმოადგენს ამ ობიექტის პროექტის განხორციელება.

​კალაძის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარი შევიდა მერიაში. კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან, შეხვდნენ მესაკუთრეებს და საჭიროების შემთხვევაში ადგილმონაცვლეობა შესთავაზონ.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რომ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე იმიტომ, რომ ეს არის რეკრეაციული ზონები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის ეკოლოგიური თვალსაზრისით, დედაქალაქში რა მდგომარეობაა. შესაბამისად, მწვანე სივრცეებს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. პირიქით, ბიზნესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ სწორი განაშენიანება და ხარისხიანი პროექტები განახორციელონ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები