ხორავას ქუჩის ჩხუბს მძღოლი შეესწრო, თუმცა არ გააშველა, არც “112”-ში დარეკა

თბილისში, 7 თვის წინ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის თვითმხილველი აცხადებს, რომ მას დანა და ბავშვების დაჭრა არ დაუნახავს.

პარლამენტში შექმნილი საგამძიებო კომისიის სხდომაზე ამ წუთებში ავტომობილის მძღოლის ნიკოლოზ იორდანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, რომელიც კომისიის წევრებმა ტყუილში რამდენჯერმე ამხილეს.

აღნიშნული პირი, მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და საკუთარ ავტომობილში იჯდა.

„მანქანით როდესაც შევედი ეზოში ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. შემდეგ ეზოში, კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ. მე ეზოში ველოდებოდი, რომ ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგე და უცებ ჩხუბი დაიწყო მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე ადგილზე ჩხუბობდნენ. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი ავტომობილის მარჯვენა, წინა კართან. ჩხუბი მიმდინარეობდა თუ არა ფარდულთან, არ მახსოვს. არ გამიხედავს თუ ვინმე მეფარებოდა ვერ ვიხსენებ.”, – აცხადებს მძღოლი ნიკოლოზ იორდანაშვილი.

მისი შეფასებით, ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დაუნახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ.. მძღოლი ჩხუბის მონაწილე ბიჭების აღწერილობას ვერ იხსენებს და აცხადებს, რომ მხედველობის პრობლემა აქვს.

“წინ წაქცეული არავინ მინახავს. არ მახსოვს მოჩხუბარი ბიჭების აღწერილობა. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა მაქვს. ასტიგმატიზმი მაქვს. ემოციურად ვიყავი ცოტა. ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი“, – განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

კომისიის წევრების არაერთგზის დასმულ კითხვას, რატომ არ გააშველა  ჩხუბის მონაწილეები, იორდანაშვილმა უპასუხა, რომ ის ამას ვერ შეძლებდა მათი სიმრავლიდან გამომდინარე.

„ადრე, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო“, – განაცხადა მან კომისიის სხდომაზე.

მისივე თქმით, პოლიციას ჩხუბის შესახებ იმიტომ არ შეატყობინა, რომ გაიგო ვიღაცის ხმა, –  პოლიციაში დარეკილიაო.

მსგავსი თემები