„მზად ვართ, შევხვდეთ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს.

„ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.  ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას შევპირდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები