გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დაიშვება ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტების შესვლა

პირველი ივლისის შემდეგ ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან საზღვრებს მხოლოდ წევრი სახელმწიფოების საერთო თანხმობით გახსნის,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ევროკომისიის მკაფიო მოთხოვნაა, შერჩეულმა მესამე ქვეყნებმა ევროკავშირის უკლებლივ ყველა წევრ სახელმწიფოს საზღვარი გაუხსნან.

„შედეგად საზღვრების გახსნა არ მოხდება სელექციური პრინციპით სასურველ ქვეყნებთან. ევროკომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს შორის სამოგზაურო შეზღუდვების ნაწილობრივი და ეტაპობრივი მოხსნის შესახებ. ევროკავშირი რეკომენდაციას იძლევა, რომ ივლისამდე მესამე ქვეყნებთან არ მოხდეს საზღვრის გახსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით გამოქვეყნდა ზოგადი რეკომენდაცია მესამე ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან იგეგმება საზღვრის გახსნა, სადაც ეპიდმდგომარეობა ევროკავშირის ქვეყნების იდენტური ან უკეთესია.

„საზღვრის გადაკვეთის შესახებ ევროკავშირის საერთო პირობების გამოქვეყნებას ელოდებიან წევრი სახელმწიფოები, თუ რა კრიტერიუმებით და მოთხოვნებით მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტების შესვლა, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეების მოგზაურობა მესამე ქვეყნებში, სწორედ ამის შემდეგ დასრულება მოლაპარაკება მესამე ქვეყნებთან და ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები