“რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო ცვლილებები მოქმედ რადიო მაუწყებლებს არ ეხებათ” – კომუნიკაციების კომისია

საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო წესის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კომისიის მიერ შემუშავებული სტრატეგია რადიო მაუწყებლებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებსა და სირთულეებს შეუქმნის. აღნიშნულ ინფორმაცის კავშირი არ აქვს სიმართლესთან, შესაბამისად, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება უკვე არსებულ და გაცემულ ლიცენზიებს, რომლებსაც 10+10, ანუ ჯამში 20 წლიანი მოქმედების ვადა აქვს კანონით. ახალი პროცედურები და ცვლილება მხოლოდ ახალ რადიომაუწყებლობაზე გამოცხადებულ ლიცენზიის მაძიებლებს  შეეხებათ. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მოქმედი რადიო მაუწყებლების რეაქცია აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ მათ ცვლილებები საერთოდ არ ეხებათ.

პირველი – კომუნიკაციების კომისიის მიერ კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პროექტი მიზნად ისახავს ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებას. მეორე – მთავარი ამოცანაა, რადიომაუწყებლობის სიგნალით მაქსიმალურად ყველა დასახლებული პუნქტის მოცვა მოხდეს. მესამე – ცვლილება ეხება ადგილობრივ ზონალურ დაყოფას, რომლის მიხედვითაც, საქართველო დაიყოფა 15 სამაუწყებლო ზონად.

ამასთან, ცვლილებების მიზანია, მოხდეს კერძო საეთერო რადიომაუწყებლების არეალის გაფართოება და აღნიშნულ ბაზარზე ახალი რადიომაუწყებლების შემოსვლა.

უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ზონალური დაყოფით მოხდება არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ თითოეულ ზონაში არსებული მცირე დასახლებული პუნქტების  რადიოსიგნალით დაფარვა. მცირე დასახლებული პუნქტები დღეს მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მოუსმინონ რადიოს, ვინაიდან რადიომაუწყებლობისთვის მოქმედი ლიცენზიები ძირითადად გაცემულია დიდ ქალაქებში.

კომუნიკაციების კომისია ლიცენზიების გაცემას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გეგმურად, ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე მოახდენს. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის რადიო მაუწყებლებიც, რომლებსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ეწურებათ და სურვილი აქვთ კვლავ მოიპოვონ რადიომაუწყებლობის ლიცენზია“, – აღნიშნულია კომუნიკაციების განცხადებაში.

მსგავსი თემები