საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშშია აღნიშნული.

„ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთ-ერთი რისკ ჯგუფია „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ინფექციის გადაცემის ჯაჭვში სამედიცინო პერსონალს ხშირ შემთხვევაში წამყვანი როლი მიუძღვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

​დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე მსოფლიოში 5-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.

„საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4 პროცენტს შეადგენს, მათ შორის 84,9 პროცენტი (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1 პროცენტი (18 შემთხვევა) – ტექნიკური პერსონალი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები