ესტონეთის მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა

ესტონეთის მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა.

„მივიჩნევ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ, ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისად, ამ დახმარებას აქვს სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კრიზისთან გამკლავებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველომ ესტონეთის საელჩოსგან ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო. ​

„მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან. როგორც მოგეხსენებათ, სადეზინფექციო და ზოგადად დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს მივიღეთ 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება ესტონეთის ელჩისგან, დავათვალიერეთ ის მარაგები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მომდევნო პრევენციულ ზომებზე რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით, რომელიც ახდენს კორონავირუსზე რეაგირებისათვის საჭიროებების მობილიზებას, დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით.

მსგავსი თემები