“თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, შევუერთდებით მეორე ტალღას” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“ არსად მიდის და მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ პრობლემას.

„თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ ის არსებული უნარ-ჩვევები, ანუ არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ თავშეყრილობისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, აუცილებელია სიფრთხილე.

„არ არის ეს მარტივი, „კოვიდი“ არსად მიდის, ჩვენთან ერთად რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, ისე, რომ არ დავიზიანოთ საკუთარი თავიც, ჩვენი ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც. ვთხოვ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პრობლემას. ეს არ არის მარტივი სიტუაცია, ეს ინფექცია შეიძლება, ვიღაცისთვის არ ნიშნავს, რომ მძიმე პათოლოგიაა, მაგრამ ასე არ არის. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, მეორე ტალღამდე ვერ მივალთ, დაგვეწყება მატება, პირდაპირ შევუერთდებით მეორე ტალღას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები