„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებსა და გეგმებს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში“ – ანრი ოხანაშვილი

„როგორც ჩანს, იმ კოლეგებს, რომლებიც სამწუხაროდ არიან მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლები  – „ნაციონალური მოძრაობა“  და მათთან აფილირებული კლასტერები, ჰქონდათ მოლოდინი, რომ მიიღებდნენ კონკრეტულ პასუხს იმ სპეკულაციებზე, რასაც ისინი წარმართავენ ტელე ეთერების საშუალებით. ამიტომ არ მოვიდნენ დღეს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრსა და სამინისტროს მთელ გუნდს, თითოეულ ჯარისკაცს  კორონა ვირუსთან ბრძოლაში გაწეული 24-საათიანი საქმიანობისთვის.

„ჩვენ გვეამაყება ჩვენი ჯარისკაცები და, შესაბამისად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად და თქვენი ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი პირობები გავაუმჯობესოთ“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

მისი თქმით, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა არის უპრეცედენტოდ მჭიდრო,  როგორიც აქამდე  არასდროს ყოფილა.

„ამას ჯერ კიდევ თქვენ მიერ  პრემიერმინისტრობის პერიოდში  გაწეული საქმიანობა ცხადყოფს. სწორედ თქვენი მეშვეობით გადაიდგა არაერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ამ გზას აგრძელებთ ახლაც“, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრს. მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად  ხედავს იმ პრიორიტეტებსა და გეგმებს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან  ურთიერთობაში.

მსგავსი თემები