ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავარი გარე საფრთხეები დაასახელა

წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ურთულესი უსაფრთხოების გარემო მივიღეთ და ყოველღიურად გვიწევს ბორდერიზაციის პრობლემასთან გამკლავება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტისა და დიდი სიშორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ, მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზები, რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. გარდა ამისა, გამოწვევაა რეგიონში არსებული ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ არსებობა, ასევე, სიახლოვე გლობალური ტერორიზმის კერებთან, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა. მინისტრი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის რანგში დეპუტატების წინაშე პირველად გამოდის. მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს.

მსგავსი თემები