“დესტრუქციული ძალები ჩვენი მთავრობის ეფექტურობის, იმიჯის, დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტებას ცდილობენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი სტრატეგიული ფასეულობებისა და ღირებულებების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციის მაღალ ხარისხს.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დესტრუქციული ძალები ცდილობენ ჩვენი მთავრობის ეფექტურობის, იმიჯის, საზოგადოების აზრის კონსოლიდირების და რეალურად დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტებას. დაწყებულია და ძლიერდება კიდევ უფრო სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციების ლეგენდით, რეალობაში კი, რა თქმა, უნდა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობების სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში მთელი რიგი ფსევდოდასავლური ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობაა, რომელთა საქმიანობა ძირითადად ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულებებზე.

„მსგავსი ორგანიზაციების მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის არასწორი და მავნე დისკურსების ჩამოყალიბება, სადაც ერთმანეთში არის აღრეული ტყუილ-სიმართლე, ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, ახდენს საზოგადოებრივი აზრისთვის ორგანიზებას და დესტრუქციული გარე და შიდა წრეების ეფექტიანი მოქმედებისთვის საჭირო კონსპირაციული თეორიებით გაჯერებული ფონის ფორმირებას.

მთლიანობაში, მე მინდა, ეს ნაწილი შევაჯამო შემდეგი ფორმულირებით, რომ რეალურად, აღნიშნული დესტრუქციული ძალების გაერთიანება, მათი ძლიერი ეკლექტიზმი და მათი წევრების რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიური და პიროვნული პლატფორმები, მხოლოდ ძალაუფლების მოხვეჭის მიზნით არის განპირობებული. ამ პროცესში ჩვენ ვაწყდებით აღნიშნული დესტრუქციული ძალების მხრიდან პროცესის სხვადასხვა სახით მხარდაჭერის ღონისძიებებს. საყურადღებოა, რომ დაბალი რეიტინგის ფონზე, მათი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მოსალოდნელია მათ ქმედებებში სულ უფრო მეტი რადიკალიზმის და სიხისტის გამოვლინება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები