საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომაზე პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა) და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III)“ გააცნო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობამ აპრილის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და 1.5 მილიარდ დოლარის მოზიდვაზე შეთანხმებას მიაღწია.

„აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოს დაეხმარება პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. წარმოდგენილი პირველი ხელშეკრულება არის ამ მოლაპარაკებების ნაწილი, რომლის მიხედვითაც 92.3 მილიონი ევრო 10 წლიანი სესხის სახით გამოიყოფა. სესხის საპროცენტო განაკვეთი დაფუძნებულია 6 თვიან ევრიბორზე და ემატება ფიქსირებული 0.5% მარჟა. აღსანიშნავია, რომ ევრიბორი უარყოფით ნიშანზეა და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ზე ნაკლებს შეადგენს. რაც შეეხება მიზნობრიობას – ეს არის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი და იგი ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას მოხმარდება. მეორე ხელშეკრულებაც სასესხო შეთანხმებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოსთვის 90 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს და იგი რეფორმებზე დაფუძნებული სესხია. კრედიტის ვადა 15 წელს შეადგენს და საპროცენტო განაკვეთი 0.8%-ია. აღნიშნული თანხაც ბიუჯეტის მხარდამჭერ შეტანხმებას წარმოადგენს და იგი პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

მსგავსი თემები