“იმედსი მაქვს, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, მალე ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა ექნებათ” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გორში ვიზიტის ფარგლებში გორის ციხეზე იმყოფებოდა, სადაც გორელი კერამიკოსის გივი ტატულაშვილის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივი წარმოების ღვინოები, ნატურალური წვენები და ხილის ჩიპსები დააგემოვნა.

ელჩს ოფიციალური პირებიდან პირველად გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მერმა ამერიკის მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა შიდა ქართლის გუბერნატორთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის „კოვიდ 19“-ის შედეგები, მთავრობის რეაგირება ამ კრიტიკულ სიტუაციაში. გამოწვევა ჯერ ბოლომდე არ გადაგვილახავს, გვიწევს ნიღბების ტარება და რეკომენდაციების დაცვა. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ ჭრილში მქონდა შესაძლებლობა, მენახა გორის ციხე, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლი.

როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან შეხვედრისას ვისაუბრეთ, განვიხილეთ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, ის თუ რა დიდი ზიანის მომტანია არსებული გამყოფი ხაზი ადგილობრივი საზოგადოებისთვის. შევეხეთ იმ უკანონო ბორდერიზაციას და ქმედებებს, რაც ხორციელდება საოკუპაციო ძალების მიერ. იმედს გამოვთქვამ, რომ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, მალე ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა ექნებათ“,- განაცხადა დეგნანმა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი, აგრეთვე, შეხვდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს, მოინახულა კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, დაესწრო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების შეკრებას, შეხვდა საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის მოხალისეებს და მათთან ერთად დაურიგა მოსახლეობას სურსათი და სხვა საჭირო ნივთები.

მსგავსი თემები