შახტში უსაფრთხოების დაუცველობის პიკია – დიმიტრი ხუნდაძე მიწისქვეშ არსებულ საშიშროებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების დაუცველობის პიკია.  რთული გეოლოგიური და ქანობრივი  აგებულების შახტში სამუშაოების დიდი ნაწილი ხელით სრულდება, მოძველებულია ვენტილაციის სისტემა, არის ქანთა შორის მოძრაობები, რის გამოც გართულებულია გამაგრებითი სამუშაოები და ყოველ წუთს არის აირების დაგროვების საფრთხე, იქმნება ფეთქებადსაშიში ვითარება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, გვირაბში მიღებულია უსაფრთხოების გარკვეული ზომები, მათ შორის, ცეცხლის გავრცელების წინააღმდეგ არსებობს ე.წ. წყლის ფარდები, მაგრამ გასაკეთებელია ბევრია, თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ  მეშახტეები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მეტად იყვნენ დაზღვეულნი.

” მაისში, დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად ვიმყოფებოდი შატხში 360 მეტრის სიღრმეზე და მეშახტეებთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა გარკვეულ სამუშაო პროცესში. რა თქმა უნდა მოლოდინი არ მქონდა, რომ დამხვდებოდა საუკეთესო ვითარება, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მეშახტეები აბსოლუტურად გაუსაძლის პირობებში და მაღალი რისკის ქვეშ ასრულებენ სამუშაოს.  ევროპის ქვეყნებში თუ ხერხდება ასეთ ობიექტებზე უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა, ჩვენც უნდა ვახერხებდეთ. მე არ ვარ არც გეოლოგი, არც სამთომომპოვებელი, მაგრამ იმ ხუთი საათის განმავლობაში, რაც იქ ხუთსაათიანი მუშაობის განმავლობაში,  ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, ტყიბულის შახტში ძალიან ხშირია ტრაგიკული შემთხვევები, საწარმო პროცესის დროს იღუპებიან  მეშახტეები. სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.

დიმიტრი ხუნდაძის აზრით, საქმე გვაქვს მაღალი რისკის პროფესიასთან და მაღალი პასუხისმგებლობის ობიექტთან, თუ უსაფრთხოების ნორმები არ იქნა დაცული, ნებისმიერ დროს შესაძლებელია კვლავ განმეორდეს ტრაგიკული ფაქტი.

” პირველ რიგში უნდა განახლდეს ვენტილაციის სისტემები, აღარაფერს ვამბობ ლიფტებზე, რომლებიც ათეული წლების წინ არის დამონტაჟებული, უსაფრთხოება უნდა დაიცვას, როგორც დამსაქმებელმა და განავითაროს ყველა ის სისტემური ცვლილებები, ასევე დასაქმებულმა. უნდა ვაღიაროთ ის, რომ ხშირად მეშახტეებიც ახდენენ უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფას”, – აცხადებს დეპუტატი.

 

მსგავსი თემები