მოუწევთ თუ არა აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის ტარება? – მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს

“ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ აბიტურიენტებს გამოცდაზე დისკომფორტი არ შეექმნათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს პირბადეების ტარება მოუწევთ, თუ არა, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს მთავრობა.

​„საზოგადოებაში არის კითხვები აბიტურიენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარების დროს პირბადის ტარება, თუ როგორ იქნება ეს უზრუნველყოფილი. მთავრობა ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ აბიტურიენტებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ერთი მხრივ, დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მათ მიეცეთ საშუალება, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. მით უმეტეს, იმ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ცხოვრებისეული გამოწვევის ფონზე, რასაც ჰქვია გამოცდები. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მთავრობა, ყველა უწყების ჩართულობით.

ივნისის ბოლოს უწევს გამოცდების ჩატარება. ამიტომ, დაისმებოდა შეკითხვები პირბადეების ტარება მოუწევთ, თუ არა. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს მთავრობა. ეს საკითხი უახლოეს მომავალში ეცნობება ჩვენს საზოგადოებას. რაც მთავარია, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც იქნება დაბალანსებული აბიტურიენტების ჯანმრთელობასა და იმ სიკეთეს შორის, რასაც ჰქვია მათთვის იმ გარემოს შექმნა, რომ მათ შეძლონ გამოცდისთვის ღირსეულად მოემზადონ და შესაბამისი შედეგები დადონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები