“ვარაუდი, რომ თხევადი აირის ფასი გაიზრდება, სინამდვილეს არ შეესაბამება” – ირაკლი მეზურნიშვილი

“ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის“, მსჯელობენ. ცვლილება ბუნებრივი აირის დაბეგვრასა და აქციზის რეჟიმს უკავშირდება.

დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და დეტალური მსჯელობა გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა აღმოიფხვრას თხევადი გაზის დაბეგვრის მანკიერი პრაქტიკა.

„მთავარი პრინციპი არის ის, რომ მანკიერი პრაქტიკა, რაც არის თხევადი გაზის დაბეგვრის – ცალსახად უნდა აღმოიფხვრას და გასწორდეს. ეს არის ცალსახა ჭეშმარიტება. ახლა, როცა იბეგრება, სოციალური გაზი უფრო ძვირია, ვიდრე გაზი, რომელიც არის დასაბეგრი სამას ლარად. ელემენტარული მათემატიკაა. ჩვენ რისთვის დავტოვეთ 120 ლარი, რატომ გავმიჯნეთ ეს 2017 წელს? იმიტომ, რომ საქართველოში არ იყო ისეთი მაღალი დონის გაზიფიცირების არეალი და ამიტომ ჩვენ დავტოვეთ ეს შესაძლებლობა, რომ ე.წ. სოციალური ბალონები მოსახლეობისთვის უფრო იაფად მიგვეწოდებინა. მაგრამ ჩვენ ეს ფასი ვერ მივიღეთ და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ დღეს, რა ფასადაც იღებს მოსახლეობა. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ფასი არ გაძვირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური რისკი გაჩნდება, რომ ფასი გაძვირდეს სოციალური გაზის ნაწილში და ამაზე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი ეკონომიკის მინისტრისგან. იმ შემთხვევაში, თუ გაძვირდება სოციალური გაზის ნაწილში, მოხდება აბსოლუტური, სრული სუბსიდია ამ ფასის. ამიტომ, ამ ნაწილში ვართ სრულად დაზღვეულები. რაც შეეხება თვითონ თხევადი გაზის და ბუნებრივი გაზის ფასებს, ჩვენ ვალდებული ვართ, მივუდგეთ ობიექტურად. ეს არის ნავთობპროდუქტები, ნავთობპროდუქტებზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწესებინა აქციზები და აქ არ შეიძლება რომელიმე ცალკეულ დარგს ჰქონდეს გარკვეული პრივილეგიები. ჩვენ თუ ვნახავთ მსოფლიოს, ევროპის პრაქტიკას, ცალსახად არის ის, რომ ბუნებრივ აირს გაცილებით უფრო ნაკლები საგადასახადო ტვირთი აქვს, ვიდრე ე.წ. თხევად აირს და ამისი პრაქტიკა და მაგალითები გვაქვს. ამიტომ, ეს მოცემული ტარიფი, რომელზეც შეგვიძლია, თავისუფლად ვიმსჯელოთ მეორე მოსმენაზე, ეს ტარიფი არის ობიექტური. მარტივად არის აქ საქმე, მთავარია, გავიგოთ პრინციპი, ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის, შევისწავლეთ ბაზარი, ის მოცემულობა, რაც არის დღეს და ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არის სამართლიანი. შეგვიძლია, ამაზე დეტალური მსჯელობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა

მსგავსი თემები