“ხელისუფლება ემზადება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგ საჯარო განხილვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

თალაკვაძის განაცხადებით, მიმდინარე კვირაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე აჭარაში, კერძოდ, ბათუმში გაიმართება და საჯარო დისკუსიას აჭარის მაუწყებელი უმასპინძლებს.

„ამის შემდეგ უკვე პარლამენტი იწყებს იმ ცვლილებების განხილვას, რომლებიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება და რაზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ფართო კონსენსუსი იყო მიღწეული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ ასევე საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, სადაც პრაქტიკულად ბოლომდე არის უკვე მიყვანილი მოსამზადებელი სამუშაო, პროექტი მზად არის, ეუთო-ს, ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.

მოგეხსენებათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, სწორედ ამით საპარლამენტო ნაწილში ჩვენ, თავის მხრივ მთავრობა, საერთო ჯამში ხელისუფლება ემზადება დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ჩვენ ყველა წინაპირობას ვქმნით ამით, რომ პირველ რიგში ჩვენმა მოქალაქეებმა, შემდგომ მონაწილე სუბიექტებმა, პარტიებმა და კანდიდატებმა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებლებმა – ყველამ შეძლოს იმ პროგრესის დანახვა, რაც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით აქვს და მომავალში იქნება.

არჩევნები არის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ არის, კოლეგებო, და ძვირფასო თანამოქალაქეებო, რომ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ფორსირებულ რეჟიმში, რომ სხვა ამოცანებთან ერთად, პარლამენტმა ეს ძირითადი და მნიშვნელოვანი ამოცანებიც შეასრულოს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები