მივეჩვიეთ ტრაგედიის ფონზე სამძიმრის გამოთქმას, პრობლემა კი მივიწყებას ეძლევა – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებისა და თითის გაშვერის დროს არ არის.

“ჩვენ მივეჩვიეთ ამ ტრაგედიების ფონზე სამძიმრის გამოთქმას და შესაბამისად ორ-სამდღიან დისკუსიას ამ თემაზე, შემდეგ კი საკითხი მივიწყებას მიეცემა ხოლმე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის თქმით, ​ირაკლი კობახიძე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის, ის ასევე არის მთავრობის წევრი და ყველა ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხვა წევრებთან ერთად უნდა მსჯელობდეს, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მთავრობის რომელიმე წევრზე გადაბარება სწორი არ არის.

“პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება არ მიმაჩნია სწორად. კობახიძის განცხადებამ გაიჟღერა ისე, თითქოს ვინმემ რაღაც არ შეასრულა. თუ ვინმემ უგულვებელჰყო თავისი ვალდებულება, ან სხვა მოსაზრება ჰქონდა ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ხართ ერთი გუნდი და თუ ასეთი ფუნდამენტური საკითხების, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომითი უფლებების საკითხების ირგვლივ იკრიბებოდეს მთავრობა. ახლა არ არის ხელის გაშვერის დრო”, – მიაჩნია ბექა ნაცვლიშვილს.

​მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე მაღარო და შახტა მუშაობს, სადაც პროაქტიურ რეჟიმში უნდა შევიდეს შრომის ინსპექცია და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, შესაბამისად ყველა მაღარო და შახტა უნდა შემოწმდეს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, ტყიბულში მსგავსი ტრაგედია ხდება უკვე მერამდენედ”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

​აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტყიბულის შახტაში 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა, რომ შრომითი უსაფრთხოების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ არ მისცათ სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება.

მსგავსი თემები