კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციების გამო, საგამოცდო დღეების რაოდენობა გახანგრძლივდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, გახანგრძლივდება საგამოცდო დღეების რაოდენობა, თუმცა არ გაორმაგდება.

მისივე თქმით, გამოცდების ხანგრძლივობა წინა წლებთან შედარებით შესაძლოა, ერთ კვირაზე მეტი იყოს.

„მოგვიწია, რომ თითოეულ სესიაზე ერთი მესამედით ნაკლები აბიტურიენტი დავუშვათ, შესაბამისად, სესია გვექნება უფრო მეტი, დღეების რაოდენობაც იქნება უფრო გახანგრძლივებული, თუმცა დღეების რაოდენობა ნამდვილად არ ორმაგდება. ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხანგრძლივობის შეიძლება იყოს წინა წლებისგან განსხვავებით. რაც მთავარია, აბიტურიენტებისთვის გამოცდები დაიწყება 6 ივლისს და ივლისშივე დამთავრდება. ვფიქრობ, კარგია, რომ გამოცდები არ გადავა აგვისტოს თვეში“,- განაცხადა გორგოძემ.

გორგოძე ამბობს, რომ თერმოსკრინინგი უზრუნველყოფილი იქნება.

ამასთან, გორგოძემ ყურადღება გაამახვილა იმ ნივთებზე, რომლებიც სასურველია, რომ აბიტურიენტებმა გამოცდაზე მიიტანონ და პირიქით, რომლებიც არ არის აუცილებელი, თან ჰქონდეთ.

„რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, თემოსკრინინგს ცხადია, ვუზრუნველვყოფთ და ვიმოქმედებთ რეკომენდაციების შესაბამისად. აბიტურიენტებმა უნდა მოიტანონ ნიღაბი, ისეთი, როგორიც მათ სურთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ ეს არ ექნებათ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამ ნიღაბს.

რაც შეეხება კალამს, ადრეც იყო ეს რეკომენდაცია და ახლა უფრო დაბეჯითებით გვინდა ვთხოვოთ, რომ მოიტანონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს და გამოყენების შემდეგ დეზინფექციასაც გავაკეთებთ, მაინც სასურველია, რომ გელიანი კალამი, რომლის სპეციფიკაც ჩვენს ვებგვერდზე არის, თან იქონიონ.

რაც შეეხება სხვა ნივთებს, რომლებიც მოაქვთ გამოსაცდელებს, წინა წლებში ჩვენ ვიბარებდით ამ ნივთებს და საკმაოდ ბევრი ნივთი მოაქვთ გამოსაცდელებს, ვინაიდან რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად იყოს შეზღუდული ასეთი ნივთების ჩაბარება, ჩვენ გვინდა, მათ დაბეჯითებით ვთხოვოთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ნუ მოიტანენ სხვა ნივთებს, გარდა იმისა, რაც შეუძლიათ, რომ შეიტანონ გამოცდაზე, ეს არის წყალი, პირადი ჰიგიენის ნივთები, კალამი და ნიღაბი“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძე ამბობს, რომ აბიტურიენტებისთვის ორი ტიპის საგამოცდო სივრცე იქნება მოწყობილი.

„ჩვენ მოწყობილი გვაქვს ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები აღენიშნება აბიტურიენტს, გვექნება სარეზერვო სივრცეები აბიტურიენტებისთვის, ვისაც აქვს ტემპერატურა, მაგრამ შეგვიძლია დაშვება, რადგან ბევრი შემთხვევაა გაწერილი და უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ მაინც შეგვიძლია, აბიტურიენტები დავუშვათ ამ რეკომენდაციების მიხედვით. ამ მიზნით ცალკე სივრცეები გექნება განსაზღვრული“,- განაცხადა სოფო გორგოძემ და დასძინა, რომ როგორც წინა წლებში, წელსაც სპეც საჭიროების აბიტურიენტებისთვის სივრცეები იქნება მოწყობილი.

„და წელსაც, მსჯავრდებულებს ისევ ექნებათ საშუალება, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა“,- აღნიშნა გორგოძემ.

მსგავსი თემები