“თუ ინფიცირებული ტურისტები შემოვლენ, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება” – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

საზღვრების გახსნის რისკებთან დაკავშირებით ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთვართან“ ისაუბრა. როგორც ინფექციონისტმა განაცხადა,  ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

„ტურისტების შემოსვლა იქნება კიდევ ერთი სერიოზული რისკის შემცველი იმიტომ, რომ რეალურად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემაა კორონავირუსის მხრივ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და სომხეთში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ის ილუზია, რომ ყველაფერი დავასრულეთ მშვიდობიანად. ნებისმიერ შემთხვევაში,  თუ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში შემოვლენ, რა თქმა უნდა, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება. მთელი რიგი ღონისძიებები, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ლაპარაკობს, აუცილებლად გასატარებელია“ – განაცხადა ინფექციონისტმა „მდიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ტურისტები უნდა გაიფილტრონ.

„პირველ რიგში, გაფილტრონ, რომელი ქვეყნებიდან შემოვლენ ტურისტები და რომლიდან არა. ტურისტებმა უნდა დაიწყონ შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტოლირებადი ეპიდემია აქვთ და შემთხვევები მკვეთრადაა შემცირებული და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც აღმავალი ეპიდემია აქვთ. ასევე, ლაპარაკია „კოვიდ პასპორტზე“ – დოკუმენტზე, რომელშიც იქნება დაფიქსირებული პაციენტის გამოკვლევის შედეგი ბოლო 48 ან 72 საათში. აქაც პრობლემაა, თუ რომელი ქვეყნის დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი იმიტომ, რომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ქვეყანა იქნება, სადაც ლაბორატორიული გამოკვლევები სანდოდ კეთდება და ეს დოკუმენტი ნამდვილად ლეგიტიმური იქნება. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საზღვარზე შემოსვლისას ჩატარდეს გამოკვლევა, ეს ძალიან მოუხერხებელია, ვინაიდან პასუხს დასჭირდება რამდენიმე საათი და ტურისტის დაყოვნება და სივრცეების მოწყობა ლოჯისტიკურად ძალიან გართულდება, ალბათ უფრო მოხერხებული იქნება შემოტანილი დოკუმენტის ნდობა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები