“კორონავირუსი ასე მალვე ვერ გაქრება, სწავლის ხარისხი დაბალია, ბავშვებს კი სახლში ვერ გამოკეტავთ“- მაია ბუწაშვილი

„არასოდეს არ უნდა მოვდუნდეთ, სულ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში და ზოგიერთ ჩვევაზე ვთქვათ უარი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, მანვე აღნიშნა, რომ მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყოს საწოლები და სასუნთქი აპარატები.

„ეს პანდემია პირველადაა კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომ, მასზე მოდელირებები და პროგნოზები ჯერ არ ამართლებს. პრინციპი უნდა იყოს ერთი, სწორება უნდა გვქონდეს უარეს სცენარზე და სულ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, ის მარტივი ღონისძიებები, რაც შეიძლება ჩვენვე გავაკეთოთ, უნდა გვქონდეს გაცნობიერებული. მართალია, კარანტინში არ ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ჩავთავლოთ, რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდით. მზადყოფნაში უნდა გვქონდეს საწოლები, სასუნთქი აპარატები, რადგან არ ვიცით რა დროს რა მოხდება,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.

მედიკოსი სასწავლო პროცესზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

„ონლაინ სწავლების ხარისხი დაბალია, ისედაც ჩვენს განათლების სისტემას ჰქონდა პრობლემები და ამ ონლაინ სწავლებამ უფრო გააუარესა. ყველა ფაქტორის გათვალსიწინებით, სწავლა უნდა აღდგეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, ძირითადი რეგულაციებია ფიზიკური დისტანიცია, სასკოლო ტრანსპორტში ბავშვების მეჩხერად ყოფნა, ასევე სადეზინფექციო საშუალებები, რეკომენდაციადაა გაცემული, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა არ წაიყვანონ ბავშვები სკოლაში,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მაია ბუწაშვილის ინფორმაციითვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შერეული სასწავლო პროცესის რეკომენდაციასაც გასცემს.


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები